კუბა-ში (მუსიკის ფონზე წასაკითხი !!!)
39, Tbilisi, Georgia (ent. Gruusia)

სამსახურში ვარ, თუმცა ჯერ უსაქმოდ... საბუთებს ველოდები, ვრთავ მუსიკას დაბალ ხმაზე და ჰანგებს მუზები მოყავთ ჩემამდე. მელოდია ისეთია, სკამზე აგაცეკვებს, მაგრამ რაკი აქ ვზივარ და "სხვაგვარად არ ძალმიძს", ვიწყებ წერას და უნებურად ოცნებით იმ სამყაროში გადავდივარ, სადაც ეს ჰანგები იშვა.

კუბა, ჰავანა...

არ ვიცი რატომ, ამ ქვეყანაში მოგზაურობა აკვიატებულ ოცნებად მექცა და ეს მათი ცეცხლოვანი მუსიკის და ფილმის "ბინძური ცეკვების" დამსახურებაცაა ალბათ.

Roberto Anglero-ს ნამღერი თანდათან იპყრობს ჩემს გონებას, წარმოსახვა უფრო მეტად მიმძაფრდება და მე კუბაში ვარ...




ქალაქის ღარიბულ, ჩამონგრეულ საცხოვრებელ კორპუსებს შორის მივაბიჯებ, გაფაციცებით ვათვალიერებ გარემოს და მიუხედავად ქუჩების ჩვეულებრივობისა, მათ არაჩვეულებრიობას ჩემებურად შევიგრძნობ, ოქროსფერი, ჩამავალი საღამოს მზე საოცარ ფერებს ქმნის ირგვლივ და ჰაერსაც კინემატოგრაფიულ ელვარებას ანიჭებს. უძველეს, უკვე ანტიკვარებად ქცეულ მანქანებს ინტერესით ვაკვირდები, აქ ხომ ყველაზე ახალი მანქანა გასული საუკუნის 50-იან წლებშია გამოშვებული, მთავრობის გადაწყვეტილებით აქაურებს ეკრძალებათ ახალი მანქანების ყიდვა და ძველების გაყიდვა. ისინიც ერთგვარი სასცენო რეკვიზიტებია ჩემთვის და თავი კინოში მგონია, ფერად-ფერადი, ტრადიციული ქალაქური შენობები საოცარ ფონს ქმნიან, ქუჩაში გამოფენილი ადამიანები ცნობისმოყვარეობით მათვალიერებენ და ჩემგანაც იგივეს იღებენ. კუბის ცხელ ჰაერს ღრმად ვისუნთქავ, ვგრძნობ იქაური ცის სილურჯეს, ადგილობრივების მოწყენილობას ერთფეროვნებით და ღარიბული ცხოვრებით, ცივილიზაციის ნაკლებობას ჯერ კიდევ და ეს უფრო მეტ ხიბლს მატებს ჰავანას ჩემს თვალში. ყველაფერი ეგზოტიკური და მიმზიდველი მეჩვენება და ამასობაში ჩემს სმენას მეზობელი ქუჩიდან წამოსული მელოდიებიც იპყრობს...

შეუძლებელია ცდუნებას გავუძლო და მე, მონუსხული მისკენ მივისწრაფი...

მოხუცი, ხმაჩახლეჩილი კუბელები უცნაური ინსტრუმენტებით საოცარ, მიმზიდველ, მაცდურ ჰანგებს ქმნიან და გარშემო შემოკრებილ მსმენელებს იქაური საღამოების ტრადიციულ სანახაობას უმართავენ. ისინიც რიტმს ჰყვებიან და პატარა "წარმოდგენის" მოწმე ვხდები. მეც მითრევს ეს სპექტაკლი და ვგრძნობ, წამებში მსოფლიოში საუკეთესო მოცეკვავედ ვიქცევი... არ მადარდებს არავის მზერა, არც ის, რომ ილეთები არ ვიცი, არც ის, რომ ჩემი, ოდნავ მოკლე სარაფანი თამამად ფრიალებს, დამკვრელების ჯადოქრობით შექმნილი მუსიკა სასწაულებს ახდენს... მე კუბაში ვარ, ჰავანას ქუჩებში, გარს კუბელები მახვევია, შევდივარ წრეში და მე ვიწყებ ცეკვას...

თუმცა...

მე სამსახურში ვარ, საბუთების მოლოდინში...

მაგრამ ეს არაფერია...

არ ვნაღვლობ...

მე აუცილებლად ვიცეკვებ...

წავალ და ვიცეკვებ...

325 näyttökertaa
 
Kommentit
VAMENDI 26.09.2015

https://www.facebook.com/vamendi like

Despicableme 20.09.2015

როგორ მომწონს შენი ბლოგები

sherlok-holms sherlok-holms 24.09.2015

მადლობა :*

TaTa 17.09.2015

"ბინძური ცეკვების" ნახვის შემდეგ მეც მსგავს განწყობაზე ვიყავი :)))

sherlok-holms sherlok-holms 18.09.2015

განწყობას ყოველთვის მიხალისებს, როცა ლათინური მელოდიები მესმის :)

kessaria 21.09.2015

kargia rom gamochndi:)gamixarda:)

sherlok-holms sherlok-holms 24.09.2015

გაიხარე, მადლობაა:)

Blogi
Blogit päivitetään joka 5 minuutti