ეს მე კი არა ღმერთს უყვარხარ ჩემში გადმოსულს!!
30, Poti, Georgia (ent. Gruusia)

ეს მე კი არა ღმერთს უყვარხარ ჩემში გადმოსულს, ქალებს ასეთი სიყვარული არ შეუძლიათ. გავიღვიძებ მიყვარხარ, დავიძინებ მიყვარხარ, კარგად ხარ მიყვარხარ და თუ ავად ხარ მაინც მიყვარხარ, სიყვარულზე დიდმა სიყვარულმა სამუდამოდ შენად მაქცია, რომ კაცზე უფრო ათასჯერ კაცად მომჩვენებოდი, შენს აღმოჩენამდე ჩემი დღეები აფეთქებით დახოცილი თევზებივით ეყარა საკუთარი გულგრილობის შლამზე. იქ სადაც ახლა მდინარეა, სადაც კალმასობს ჩემი სიყვარული. არ ული კუდიანებო არ ული არ გათვალოდ ჩემი სიყვარული, ათასჯერ უფრო ათას ქალაქს სჭირდება ჩემი ერთი ფანჯარა. სჭირდება ჩემი სიყვარული მილიონივით და თუ გავქრები მილიონიც აღარ დარჩება, მაგრამ მე ქალაქს არ ვუღალატებ, რადგან ერთ კაცს თუ უღალატე, მაშ ყველასათვის გიღალატია. თუ ერთი კაცი გიყვარს, მაშ ყველა გიყვარს. და თუ სიძულვილი წაგართმევს მას ვინც გიყვარს, დაკარგულია შენთვის მთელი სიცოცხლე. როცა გიყურებ მენატრები, შენგან მივდივარ მენატრები, თვალს მოგაშორებ მენატრები. მონატრებაზე დიდმა მონატრებამ სამუდამოდ შენად მაქცია. როცა ხმას ვაძლევ მშვიდობას, შენს სიცოცხლეს ვაძლევ ხმას. როცა ძარღვს ვიხსნი, ვიცი შენ უნდა გადაგარჩინო, როცა შინ თითის წვერებზე დავდივარ შორეულ ბინაში შენს ძილს ვუფთხილდები. მე არ ვეძებ მადლობას, მე არ ვეძებ სამაგიეროს, მადლობაზე დიდი მადლობა ჩემთვისშენი სიცოცხლე, ვიდრე არ ვიცი მონატრების მონატრება, ვიდრე მიყვარხარ. ათას ცოცხალზე ცოცხალი ხარ ცოცხლებისათვის და თუ მოვკვდები უსიკვდილო სიკვდილისაგან, შენში სხვა ქალი გამაცოცხლებს. ჰო, ეს მე კი არა ღმერთს უყვარხარ ჩემში გადმოსულს.

0 näyttökertaa
 
Kommentit

Ei ole kommentteja vielä.
Jätä kommenttisi, aloita keskustelu!

Blogi
Blogit päivitetään joka 5 minuutti