სიცრუის თეორია. როგორ გამოვააშკარაოთ ტყუილი?
36, Tbilisi, Georgia (ent. Gruusia)

ხშირად ფსიქოლოგია აანალიზებს ადამიანის ხასიათისა და თვისებების ისეთ ასპექტებს, რომლებიც, როგორც მიაჩნია ზოგიერთს, უკვე დიდი ხანია ცნობილი. ნაწილობრივ ეს მართლაც ესეა, მაგრამ ფსიქოლოგებისგან განსხვავებით ჩვენ არ ვახდენთ დაკვირვების სისტემატიზაციას, ხოლო შედეგს არ ვაძლევთ დასკვნის ფორმულირებას. მაგალითისთვის - მართალია, რომ თანამედროვე ადამიანი საუბრის ათი წუთის განმავლობაში საშუალოდ სამ ჯერ იტყუება? როგორ უნდა ვრეაგირებდეთ იმაზე, რომ სიცრუემ ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში შეაღწია? როგორ მოვიქცეთ თუ მოსაუბრის ნათქვამი სიტყვის ანალიზის მეშვეობით ვერ ვახერხებთ ტყუილის გამოაშკარავებას?

იცოდეთ, რომ უნივერსალური მიკროგამომეტყველება და მიკროჟესტი სოციალური სტატუსისა თუ ეროვნული კუთვნილების მიუხედავად ააშკარავებენ მატყუარას. სიცრუის დამალვა უაღრესად რთულია. უნდა ვისწავლოთ შევამჩნიოთ ის, რასაც ვერ ხედავენ სხვები - ასე ფიქრობს ამერიკელი ფსიქოლოგი, კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი პოლ ეკმანი (Paul Ekman), რომელიც ითვლება ემოციების, პიროვნებათა შორის ურთიერთობის, სიცრუის ფსიქოლოგიისა და მისი გამოაშკარავების აღიარებულ სპეციალისტად. გარდა ამისა მთელს მსოფლიოში ის ცნობილია, როგორც პოპულარული ტელესერიალის ”მომატყუილე მე”(«Lie to me»)-ს სულის ჩამდგმელი და კონსულტანტი. 2009 წელს ჟურნალმა «Time» პოლ ეკმანი შეიტანა მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანების ასეულში, მისი კონსულტაციებით სარგებლობენ არ მხოლოდ წამყვანი პოლიტიკოსები, ბიზნესმენები, ხელმძღვანელები, არამედ ა.შ.შ.- ს ფედერალური მთავრობის სხვა და სხვა სამინისტროები და სააგენტოებიც. ეკმანი აცხადებს, რომ ”სიცრუე იმდენად ბუნებრივია, რომ ის შეიძლება უყოყმანოდ მივაკუთვნოთ ადამიანის მოქმედების ყველა სფეროს”, ხოლო ტყუილის წარმატების მთავარი მიზეზი იმაშია, რომ სიცრუის მსხვერპლს არც სურს იცოდეს სიმართლე.

ამის გათვალისწინებით პოლ ეკმანი, მისი ნაშრომებით ემსახურება მათ, ვინც დაინტერესებულია სიცრუის გამოაშკარავებაში: პოლიტიკოსებსა და მეწარმეებს, ექიმებსა და იურისტებს, ფსიქოლოგებს, პედაგოგებს, მენეჯერებს, დიასახლისებსაც, ყველას, ვისაც არ სურს პროფესიულ საქმიანობასა თუ პირად ცხოვრებაში გახდეს მოტყუებისა და ფსიქოლოგიური მანიპულაციის მსხვერპლი. ადამიანი იმდენადაა ხოლმე დატყვევებული იმით თუ რა ხდება მის გარშემო, რომ არც სურს გაარკვიოს ჭეშმარიტება, და პირველ რიგში იმიტომ, რომ სიმართლე გამოამჟღავნებს მის მიერ დაშვებულ გამოუსწორებელ შეცდომებს. ამ მოვლენას ეკმმანი ”ჩემბერლენის შეცდომას” უწოდებს. 1938 წლის 15 სექტემბერს ადოლფ ჰიტლერმა მწარედ და სამარცხვინოდ მოატყუილა ნევილ ჩემბერლენი. შეხვედრამდე სამი დღით ადრე მან მოითხოვა ჩეხეთის ნაწილის გერმანიასთან შეერთება, სანაცვლოდ კი შეხვედრაზე იძლეოდა მშვიდობის დაცვის პირობას იმ შემთხვევაში თუ ჩეხები არ გამოაცხადებენ მობილიზაციას. ჩემბერლენს ძალიან სურდა , რომ ყველაფერი მშვიდობიანად გადაწყვეტილიყო და ამის გამო მან ჰიტლერის ქცევაში მხოლოდ პატიოსნება დაინახა, რომელიც იმ ვითარებაში საერთოდ არც არსებობდა.

როგორ გამოვააშკარაოთ მატყუარა?

იმისთვის, რომ გაარკვიოთ გატყუებთ თუ არა თქვენთან მოსაუბრე ადამიანი პირველ რიგში ყურადღება მიაქციეთ წინააღმდეგობებსა და შეუსაბამობებს. მაგალითად, სიტყვა შეიძლება არ შეესატყვისებოდეს ხმის ჟღერადობას, ან ნათქვამია სწორი სიტყვა, მაგრამ გამომეტყველება და ჟესტიკულაცია არ პასუხობენ წარმოთქმულსა და ხმის ჟღერადობას. ოღონდ უნდა გახსოვდეთ: თუ ადამიანს ღრმათ სწამს იმ სიცრუისა, რომელსაც იძახის, მისი ტყუილში მხილება უკიდურესად რთულია. ამიტომ, თუ აპირებთ ტყუილში გამოიჭიროთ მატყუარა, ეცადეთ დიდი დაკვირვებით, ერთდროულად ადევნოთ თვალ-ყური მის ჟესტებს, მიმიკას, ხმის ტემბრს, ნათქვამს და მათ შორის მოძებნოთ შეუსაბამობა!

პოლ ეკმანს მიაჩნია, რომ ყველა ემოცია - უნივერსალურია. და იმისთვის, რომ არ გავებად ”მახეში”, უნდა ვითვალისწინებდეთ ადამიანის კულტურულ თავისებურებას, რომელიც გამოიხატება ორ ასპექტში. პირველი - დაკავშირებულია იმასთან თუ როგორ ვმართავთ ჩვენ საკუთარ ემოციებს. მაგალითად იაპონელებს პირად ცხოვრებაში შეუძლიათ გამოავლინონ ჭეშმარიტი გრძნობები, ამის გამო ასეთ სიტუაციაში ემოციების გაანალიზება - შესაძლებელია. მაგრამ ზემდგომი, ან ავტორიტეტული ადამიანის წინაშე იაპონელი იყენებს უამრავ ნიღაბს, რაც ართულებს ემოციების ინტერპრეტაციას და ვარიაციებთან არის დაკავშირებული - ეს მეორე ასპექტია. პირობითად ადამიანის ემოციები ”საფუძვლებად” და ”ვარიაციებად” შეიძლება დავყოთ. ”საფუძველი” - უნივერსალურებით ხასიათდება, ხოლო ”ვარიაციას” კულტურული თავისებურებები გააჩნია. ყველაზე თავისუფალ ”ვარიაციებს” წინაპირობა ბავშვობაში ექმნება. ყველა ჩამოთვლილი დაკვირვებების გათვალისწინებით სიცრუის გამოაშკარავების პროცესში ყოველთვის ადამიანის ემოციები მისი კულტურის კონტექსტში უნდა გავაანალიზოთ. ჩვენ შეიძლება ვისწავლოთ ადამიანის ემოციების გამორკვევა. მაგრამ ამ პროცესიის სპეციფიკა იმაში გამოიხატება, რომ თვით ემოცია სრულად არ მოგვითხრობს მის გამომწვევ, საწყის მიზეზებზე. ხშირად ადამიანები ახდენენ დანახული ემოციების მცდარ ინტერპრეტაციას, ვინაიდან ადარებენ საკუთარ სუბიექტურ მოსაზრებებსა და დასკვნებს. უმეტესად ადამიანი ფიქრობს ამგვარად: ” მე ვხედავ, რომ შენ გეშინია, რაც ნიშნავს, რომ ეს შენ ჩაიდინე”. სინამდვილეში კი ეს ემოცია შესაძლოა მხოლოდ იმას ნიშნავდეს, რომ ადამიანს უბრალოდ ეშინია. ამის უკან სხვა და სხვა მიზეზი შეიძლება იდგეს. ამიტომ ყოველთვის სიტუაციას ”გარედან” და არა საკუთარი შეხედულებებისა და ადამიანის სიცრუეში მხილების პოზიციიდან უნდა ვუყუროთ.

როგორც წესია, ადამიანები სიტყვას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. იმავდროულად ჩვენ არ ვითვალისწინებთ იმას, რომ სიტყვების დაშიფვრა და მათი ამოშიფვრა ძალიან შრომატევადი პროცესია, რომელიც ყურადღების საკმაო ნაწილს იკავებს და ამიტომ ჩვენ ვერ ვამჩნევთ ინფორმაციას, რომელიც ადამიანების სახეზეა აღბეჭდილი. სიცრუის გამოაშკარავებისთვის უნდა ვისწავლოთ კომუნიკაციის, კავშირის არა მხოლოდ ვერბალური, არამედ არავერბალური არხების (გამომეტყველება, ჟესტები და ა.შ.) ანალიზი. კიდევ ერთი სირთულე იმაში გამოიხატება, რომ ადამიანები ხშირად შეუგნებლადაც მალავენ საკუთარ ემოციებს. ამ მომენტს პოლ ეკმანმა ”დემონსტრირების წესი” დაარქვა. ზოგიერთი ადამიანი ხშირად ახდენს სახის გამომეტყველების კორექტირებას. ამის მეშვეობით ის ავითარებს გამომეტყველების მართვის უნარს, რაც შემდეგ ვლინდება სიმართლის დამალვის განსხვავებულ ვარიანტებში, ანუ ტყუილში. ამიტომ ანალიზის დროს ფხიზლად უნდა ვიყოთ, რათა გავარკვიოთ ნიღაბთან თუ ნამდვილ ემოციასთან გვაქვს საქმე. გახსოვდეთ, რომ როდესაც ადამიანები ცდილობენ ძლიერი ემოციის დამალვას ისინი ამცირებენ ემოციის გამოხატვის ხანგრძლიობას, რის შედეგადაც ის ემსგავსება მცირე ხანგრძლიობის მიკროგამომჟღავნებას (დაახლოებით წამის მეოთხედი) და ამ ტიპის მიკროემოციის შენიშვნა პრაქტიკულად შეუძლებელია. აგრეთვე ადამიანს შეუძლია ეცადოს შეკვეცოს ემოციის მოცულობა, რის შედეგადაც ის სუსტად გამოკვეთილი ხდება და ამის გამოთვლაც არ არის მარტივი.

ყველა ჩამოთვლილი ასპექტის გათვალისწინებით სიცრუის გამოაშკარავების დროს ეცადეთ თვალყური ადევნოთ მოსაუბრეს, ერთდროულად მის სიტყვებსა და ხმის ტემბრს, ჟესტებსა და პოზებს, ემოციებსა და მიმიკას - ეს საკმაოდ ძნელი საქმეა, მაგრამ მაინც ეცადეთ, ავარჯიშეთ თქვენი ყურადღება.

63 näyttökertaa
 
Kommentit

Ei ole kommentteja vielä.
Jätä kommenttisi, aloita keskustelu!

Blogi
Blogit päivitetään joka 5 minuutti