ზოგჯერ მგონია..
42, Tbilisi, Georgia (ent. Gruusia)

ზოგჯერ მგონია, ვთქვი ყველაფერი... ავად თუ კარგად, შავად თუ თეთრად.

ვამბობდი სევდით, ბოღმის გარეშე, ხანდახან სადად, ხანდახან მკვეთრად.

ვიარე მზესთან, წვიმასთან, ქართან და მაინც მუდამ ვიყავი კენტად.


ზოგჯერ მგონია, ვთქვი ყველაფერი. სანთლითაც ვეღარ ვიპოვნი სიტყვას.

ვთქვი - სიყვარულზე, ოჯახზე, ქარზე... მათზეც, ვინც უფრო ნაკლებად მიყვარს.

ვილაპარაკე საკუთარ თავზეც... სული სივრცეში აფრად გავკიდე.

გული ტკივილით ავაბურბურე და ჩემს გზა-სავალს ცეცხლად წავკიდე.

მზითვად გამომყვა ნიჭი - თვითგვემის. სულ სინანული მახლავს აკვნითვე...

სულ ჟრუანტელად ამოთავთავდა, დღემდე ლექსებად რაც კი გავრითმე.

ზოგჯერ არ ვიცი, გავიქცე საით. სად დავემალო ქირქილს - ბრიყვების.

ვერ დავუზავდი ორპირ კაცუნებს, დროს მეამბოხე ქალად მივყვები.

მრავლდება საქმე და საწუხარი, ვით ნაწვიმარზე ტყეში ნიყვები

და დროის მრუმე, ყურყუმ მორევში ლიფსიტებივით ხტიან სიტყვები.

ერე დაღლილი, დიდი ხმაურით, ვეძებ დუმილის მშობლიურ კალთას.

თვალდახუჭული უმწეოდ ვუსმენ, ხმა - სინდისისა გულს როგორ ბალთავს...

დრო უკეთ იტყვის საკუთარ სათქმელს... დრო გამოაჩენს ცრუსა და მართალს.

დრო გამომირჩევს ქვიშისგან ოქროს, როს ბოლოწამის მეტყვის სამძიმარს.

როს ჩემს სიცოცხლეს , როგორც ხის კარჭაპს, მარადისობის ნისლში ჩაძირავს.

დღეს სახეები, ჭრელი ნიღბებით, ებლანდებიან ცისკენ სამზირალს...

ხვალ ამ ნიღბებსაც ჟამთაღმწერელი „იყო და არას...“ ვარცლში აზილავს.

მარადისობის ნისლში გაქრება ტალღა - ვნებების, ეჭვის და ბრძოლის.

აედევნება ღრუბლის ბალდახინს სკიპტრა და ტახტი - ჯიუტი ცოლის.

თეთრად ნათევარ ღამეთა წყება... „მწუხარე გრძნობა, ცივი სისოვლის...“

ზოგჯერ მგონია, ვერაფერს ვიტყვი... რომ ყველაფერი ვთქვი,რაც მინდოდა.

ჩემი ბავშვობა და სიყმაწვილე შიშის ლანდებით უამინდობდა.

ალბათ ამიტომ სევდამ იტვირთა ცხოვრების გზაზე ჩემი გიდობა.

ისე ვბერდები, ვერ დავამყარე ჭირვეულ ბედთან ჯერაც მშვიდობა...

მოვდივარ, მახინჯ შლეიფად მომდევს სულდამცრობილთა ავი ფლიდობა.

 ისე ვბერდები, ვერ გავამრავლე საკუთარ ბაღში დაფნა და ვარდი.

ვერ აგიხსენი, ვერ მიგახვედრე, ვერ დაგაჯერე, როგორ მიყვარდი.

ვერ გადავლახე გზები მთებისკენ, ვერ ამოვძირკვე ბირკა და ბარდი.

ციმციმ მომქონდა სული გზაწვრილზე, ვით სიდონიას - იესოს კვართი.

რამდენჯერ ვცადე, მაინც ვერ შევძელ, ვყოფილიყავი სუსტთა ქომაგი...

ბევრჯერ ვეძებე ღარიბ ქოხებთან ღიმილი, როგორც თეთრი ფოლაქი...

ამაოდ ვცდილობ, ვერ ამოვავსე სევდა- წუხილის ხარბი სტომაქი.

ხიფათი მუდამ მომდევდა კვალში... მეძებდა, როგორც ძაღლი - მეცხვარის.

ბევრჯერ, ჰო, ბევრჯერ დამწამეს ცილი. ვაგლახ, გიჟადაც ბევრჯერ შემრაცხეს...

მზეს მიველტვოდი, მავიწყდებოდა, არც მტრედი ვიყავ და არც მერცხალი...

მაინც მრჩებოდა კვალი - ნათელი, ღვარცოფებისგან ჩაურეცხავი!..

ზოგჯერ მგონია, ვთქვი - ყველაფერი და უკვე დროა დავდო კალამი...

ვისაც ლექსებით ვერ მოვეფერე, გულის გულიდან ვუთხრა სალამი!..

რომ ჩემი სიტყვის საგანძურიდან ქარს გავატანე ყველა სათქმელი,

რომ უშედეგოდ ვატარე დღემდე, კარიდან კართან სანთელ-საკმელი...

თუმცა სულ ღია მქონდა მგზავრისთვის ჩემი გულის და კოშკის სარკმელი...

მაინც ვერაფრით მოვესალბუნე გრძნობებს - წლებისგან ურცხვად გათელილს. 
/მ.კ./

3 näyttökertaa
 
Kommentit

Ei ole kommentteja vielä.
Jätä kommenttisi, aloita keskustelu!

Blogi
Blogit päivitetään joka 5 minuutti